გზა-ჯვარედინი - ვერტიკალური დერეფანი


საქართველოს ლოგისტიკურ პოტენციალზე საუბრისას ძირითადად დასავლეთ-აღმოსავლეთ მიმართულებას წარმოვიდგენთ ხოლმე. კიბატონო, ამ მხრივ ჩვენი ლოკაცია და განვითარების სტრატეგია უმნიშვნელოვანესია და ამაზე მომავალში ძალიან ბევრს ვისაუბრებთ. თუმცა დღეს, გვსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ კიდევ ერთ, არანაკლები მნიშვნელობის მიმართულებაზე, რომელიც კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახებს საქართველოს, როგორც რეგიონალურ და გლობალურ ლოგისტიკურ გზა-ჯვარედინს.

 

მსგავსად ჯვარედინისა საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტებიც ჰორიზონტალური და ვერტიკალური საერთაშორისო მაგისტრალების კვეთისგან შედგება, ანუ აღმოსავლეთ-დასავლეთ და სამხრეთ-ჩრდილოეთ მიმართულებებისგან.

 

მიმდინარე ბლოგში, გვსურს სწორედ სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებაზე ვისაუბროთ, რომელსაც პირობითად ვერტიკალურ დერფანს ვუწოდებთ.

 

ვნახოთ რა მნიშველობა გააჩნია ამ დერეფანს და რატომ უნდა მიექცეს მას სათანადო ყურაღება.

 

საქართველო სასიცოცხლო მნიშვნელობის ქვეყანაა ჩვენი სამხრეთელი მეზობლისთვის. ვერტიკალური სატრანსპორტო დერეფნის გარეშე სომხეთი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ეს ქვეყანა ჩიხშია. დღეს-დღეობით, მისი საზღვრები გახსნილია მხოლოდ ორი მიმართულებით: ირანი და საქართველო. სომხეთისთვის სტრატეგიული და უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი კი რუსეთია, რომელთანაც არაერთ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში ერთიანდება. ორ ქვეყანას შორის ტვრითბრუნვის 90%-ზე მეტი სწორედ სახმელეთო ტრანსპორტზე მოდის, ეს ყველაფერი კი საქართველოს გავლით ხდება. აღნიშნული მარშუტი სადახლოს სასაზღვრო წერილიდან იწყება და დარიალის საზღვრით სრულდება.

თუმცა საქმე იმაში მდგომარეობს, რომ დარიალი-ლარსის მიმართულებით მგზავრობისას, გზაში ასევე შეხვდებით სატვირთო ავტომობილებს თურქული, თურქმენული, ყაზახური, უზბეკური და აზერბაიჯანული სანომრენიშ ნებითაც.

თუ სომხეთის შემთხვევაში ვითარება ნათელია, ზემოჩამოთვლილი მანქანები ლოგიკურ კითხვას ბადებენ: - კი მაგრამ, რა შუაშია ჩვენს გზებზე რუსეთისკენ მიმავალი ავტომატარებლები იმ ქვეყნებიდან, რომელთა უმეტესობაც უშუალოდ ესაზღვრება რუსეთს? რატომ შემოდიან ეს მანქანები ჯერ საქართველოში და შემდეგ რუსეთის ფედერაციაში? პასუხი შემდეგია: ობიექტური რეალობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თითოეულ მძღოლს ურჩევნია რაც შეიძლება გვიან შევიდეს რუსეთის ტერიტორიაზე და მინიმალური მანძილი გაიაროს აბეზარი პოლიციელების, ბიუროკრატიული ბარიერებისა და გაუმართავი ინფრასტრუქტურის პირობებში. მათთვის მომგებიანია აარიდონ თავი ზემოხსენებულს, კომფორტით გაიარონ ჯერ საქართველო, მაქსიმალურად მიუახლოვდნენ დასავლეთ რუსეთს (ანუ რუსეთის ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ არეალს) და მხოლოდ უკიდურეს წერტილში შევიდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. რაც შეეხება თურქულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, საქმე უფრო მარტივადაა: საერთო საზღვრის არ ქონის პირობებში, რუსეთისკენ მიმავალი თურქი მძღოლები იძულებულნი არიან საქართველოზე მოახდინონ ტრანზიტი. სახმელეთო გადაზიდვა შავი ზღვის საბორნე ტრანზიტზე გაცილებით იაფია და ნაკლებ დროსაც მოითხოვს.


შედეგად, საქართველოს ვერტიკალური დერეფნის სახით, ყალიბდება არა მხოლოდ სამხრეთჩრდილო მიმართულება, არამედ აღმოსავლეთჩრდილო (ანუ კასპიის ზღვის რეგიონიდან და ცენტრალური აზიიდანმომავალი ტვირთები რუსეთის მიმართულებით) და დასავლეთჩრდილო (ანუ თურქეთიდან რუსეთისკენ მიმავალი ტვირთები) მარშუტები.

საპატრულო პოლიციის სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტიდან შემოვიდა 142209 და გავიდა 136101 სატვირთო ავტომობილი.

აქვე, ვერტიკალური დერეფნის მნიშვნელობის ხაზგასასმელად მოკლე ისტორიულ რაკურსსაც შემოგთავაზებთ. ძალიან ცოტამ თუ იცის და ახსოვს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, სწორედ საქართველოზე გამავალი სამხრეთ-ჩრდილო მიმართულება წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის ჯარების მომარაგების სტრატეგიულ სახმელეთო მარშუტს. იმ დროს, ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ მყოფი სპარსეთიდან მოკავშირე საბჭოთა კავშირისკენ, .. Lend-Lease-ის სახით, მილიონობით ტონა სამხედრო დახმარება სწორედ აზერბაიჯან-საქართველოს გავლით შედიოდა. ასე რომ, მსგავსად საუკუნოვანი აბრეშუმის მარშუტისა, ჩვენ მიერ წოდებული ვერტიკალური დერეფანიც არანაკლები ისტორიული რეგალიებით გამოირჩევა.

მაშასადამე,


გაძლევთ დროს გაიაზროთ ჩვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მომდევნო ბლოგში განვიხილოთ და ვნახოთ რა გიგანტური სარგებლის მიღება შეიძლება ვერტიკალური დერეფნის განვითარებით, როგორი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს ისე თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა, რა უხილავი და ფარული პოტენციალი დევს ამ მიმართულებებში და რატომ გაგვაჩნია რეალური შანსი ჩამოვყალიბდეთ უპირობო რეგიონალურ და გლობალურ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ქვეყანად.


დაგველოდეთ!


Comments

Popular posts from this blog

ლოგისტიკის შემადგენელი კომპონენტები

პრაქტიკული ლოგისტიკა

Practical Logistics