ლოგისტიკის შემადგენელი კომპონენტები

სანამ ლოგისტიკის შემადგენელ კომპონენტებზე და მათ როლზე დავიწყებდეთ საუბარს აუცილებელია პასუხი გავცეთ კითხვას - საერთოდ რა არის ლოგისტიკა?

რა თქმა უნდა, არსებობს ლოგისტიკის არაერთი განმარტება და სახელმძღვანელო. დღეს ის ცალკე დისციპლინად არის ჩამოყალიბებული და სპეციალურ თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლება. არსებობს ზუსტი ცნობები თუ როდის ჩაეყარა მას საფუძველი და რა ეტაპები ჰპოვა მან თავის განვითარების გზაზე. თუმცა ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ვეცდებით ჩვენეული ფორმულირება და პრაქტიკული ხედვა მივცეთ მას და განმარტებათა არსებულ ნომენკლატურას კიდევ ერთი - Logistics Solutions-ისეული შევმატოთ.

მაშ ასე, მიგვაჩნია, რომ „ლოგისტიკა არის რაიმე პროდუქტის წარმოებიდან მის მომხმარებლამდე მიწოდებას შორის არსებულ ქმედებათა და ოპერაციათა მწყობრი ჯაჭვი, სადაც ყველა რგოლის სიმყარე და სიმტკიცე თანაბრად მნიშნელოვანია“.

დღევანდელ ბლოგში შევეცდებით ზედმიწევნით და ზუსტად ჩამოვთვალოთ ეს რგოლები, ანუ შემადგენელი კომპონენტები, და განვმარტოთ ჩვენ მიერ დანახული ლოგისტიკა.

ნებისმიერი პროდუქტის წარმოების შემდეგ, საჭიროა მისი მომხმარებლამდე მიწოდება, ეს კი საკმაოდ კომპლექსური პროცესია. პროდუქტი შეიძლება იყოს შიდა ბაზრისთვის, ექსპორტისთვის ან ორივე ერთად. შიდა ბაზრის შემთხვევაში წარმოებას დისტრიბუცია მოსდევს, ხოლო საექსპორტო ნაწარმის შემთხვევაში გვაქვს გადაზიდვა, რაც მოცულობითი ტვირთის საზღვირსმიღმა დიდ მანძილზე ტრანსპორტირებას გულისხმობს.

ამჯერად ყურადღება საექსპორტო ნაწარმზე გავაკეთოთ. ტრანსპორტირებისთვის აუცილებელია განისაზღვროს ყველაზე ოპტიმალური მარშრუტი და საშუალება რომელიც პროდუქტს გადაზიდავს. საწარმოდან დანიშნულების ადგილამდე მოხვედრის შემდეგ, საჭიროა მისი შესაბამის პირობებში განთავსება. აქ საუბარია კარგად დაგეგმარებულ სასაწყობე მეურნეობაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ტვირთის დაცულობა და შენახვის პირობების დაცვა. შემდეგ ეტაპზე შესაძლებელია საჭირო გახდეს (თუმცა არა ყოველთვის) ტვირთის დაფასოება/შეფუთვა/გადაფუთვა/დაჯგუფება/მისთვის კონკრეტული ფორმის მიცემა. ბოლო ეტაპზე კი უშალოდ კლიენტამდე ან გასაყიდ ობიექტებამდე ნაწარმის დისტრიბუციის ჯერიც მოდის. მთელს ამ პროცესს კი ინფორმაციული უზრუნველყოფა და დროითი მენეჯმენტი უმაგრებს ზურგს. როგორც აღვნიშნეთ ეტაპებს შორის პრიორიტეტი არ არსებობს და მათი გამართულობა აუცილებელია.

არასდროს აგვერიოს პროდუქტის ტრანსპორტირება და დისტრიბუცია, ეს ორი ტვირთის გადაადგილების სხვადასხვა სახეებია. სხვადასხვა საკითხია ასევე ტვირთის სწრაფი და დროული მიწოდება. ამ ყველაფრის დეტალებსა და პრაქტიკულ მხარეზე ჩვენ მომდევნო ბლოგებში მოგიყვებით. გასათვალისწინებელია ასევე, რომ ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ ეტაპს გააჩნია უამრავი ქვე-ეტაპი, მათ ტექნიკურ საკითხებზეც ნაბიჯ-ნაბიჯ ვისაუბრებთ მოგვიანებით.

აღსანიშნავია, რომ პროცესების ზემოხსენებული რიგი ანალოგიურადვე შეიძლება განვითარდეს თავად კონკრეტული პროდუქტის წარმოებისთვისაც და არა მხოლოდ მისი წარმოებისშემდგომი რეალიზაციისთვის. საქმე შეიძლება ეხებოდეს სასარგებლო წიაღისეულს, ნედლეულს ან მაკოპლექტებელს, რომელიც თავისმხრივ რაიმე სხვა პროდუქტის საწარმოებლად არის საჭირო. ასეთი შემთხვევის დროსაც, ლოგისტიკური პროცესები ზემოაღნიშნული თანმიმდევრობით წარიმართება.

შეჯამების სახით კი შევკრათ ის ჯაჭვი, რომელიც ქმნის ლოგისტიკას. განზოგადებული სახით ის ასე წარმოგვიდგენია -> „ტრანსპორტირება-დასაწყობება-შეფუთვა-დისტრიბუცია-სრული პროცესის მიმდინარეობისას კი მისი დროითი-ინფორმაციული მენეჯმენტი“.

Comments

Popular posts from this blog

საქართველო - ლოგისტიკური ჰაბი ევრაზიისთვის

პრაქტიკული ლოგისტიკა