კახეთი - ახალი სივრცე ლოგისტიკის სფეროში

 


ოფიციალური მონაცემების თანახმად, გასულ წელს, საქართველოს საერთაშორისო მაგისტრალურ ქსელს 70კმ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი ჩქაროსნული გზა შეემატა. მათი წყალობით, თბილისიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლამდე გადაადგილების დრო მნიშვნელოვნად შემცირდა, კომფორტი და ხარისხი კი გაუმჯობესდა. ამასთან, ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები რიკოთის გზის .. „საუკუნის პროექტზე“. აქ ერთდროულად შენდება 71 ხიდი და 47 გვირაბი. დასრულებული პროექტი კიდევ უფრო გაზრიდს აღმოსავლეთ-დასავლეთ გზის გამტარუნარიანობას და ახალ ეტაპზე გადაიყვანს რეგიონულ და საერთაშორისო ლოგისტიკას.

ზედმეტია იმაზე საუბარი თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურულ კომუნიკაციას, მითუმეტეს საგზაოს, რომელიც ყველაზე დატვირთულია მგზავრობისა და ტვირთბრუნვის თვალსაზრისით. შესაბამისად, ცენტრალური მაგისტრალის ბოლომდე შეკვრას არსებითი მნიშნელობა აქვს საქართველოსთვის.

თუმცა, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ გეოგრაფიული თვალსაზრისით, ტერმინი აღმოსავლეთ-დასავლეთი მთლად კორექტული არ არის. აღნიშნული გზა იწყება საქართველოს სამხრეთიდან, ანუ შუაგულიდან, შემოდის სომხეთ-აზერბაიჯანის მხრიდან და თბილისის გავლით მიემართება დასავლეთისკენ. ანუ ის უკან მოიტოვებს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს.

მაშ რა ხდება თბილისის აღმოსავლეთით, ანუ კახეთის რეგიონში?!

 

სასოფლო-სამეურნეო და ტურიზმის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე მხარეში, ბუნებრივად მდიდარ და ქვეყნის ყველაზე დიდ რეგიოში თანამედროვე ლოგისტიკური და სატრანზიტო ინფრასტრუქტურა დღეს პრაქტიკულად არ არსებობს. სახეზეა მხოლოდ გასულ საუკუნეში დაპროექტებული გზები. ისინი კი თავისი დონით ძალიან შორს დგანან ცენტრალურ და დასავლეთ საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურისგან. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, საიდანაც სატვირთო და მისაბმელიანი ავტომატარებლები აზერბაიჯანში გადადიან, მძღოლებს პირდაპირი მნიშვნელობით სოფლის ორღობე-გზებზე უწევთ გავლა. არადა საუბარია კახეთზე, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის, უპირველესად კი ყურძნის და ღვინის ეფექტური რეალიზაციისთვის, ექსპორტისთვის და მრავალფეროვანი ტურისტული მარშუტებისთვის, მომარაგებისა და ლოგისტიკის კარგად დაგეგმარებული ქსელი ესაჭიროება.

დღეს-დღეისობით თბილისიდან აღმოსავლეთ მიმართულებით, უკიდურეს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმამდე დაახლოებით 150 კილომეტრია. საგზაო იფრასტრუქტურის მხრივ ეს მანძილი შეიძლება ითქვას აუთვისებელია და არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელსაც თანამედროვეობა მოითხოვს. ჩვენი ბლოგების სერიაში გაანალიზებულ და ჩამოყალიბებულ საყოველთაო და ყოვლისმომცველ ლოგისტიკურ ქსელს კახეთის რეგიონი ეთიშება. ის ფიზიკურად ვერ მონაწილეობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში საერთაშორისო სატრანზიტო თვალსაზრისით.

მაგრამ როგორც ჩანს, ვითარება მალე შეიცვლება. მთავრობის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები და დაანონსებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები იმედის საფუძველს გვაძლევს. უახლესი ინფორმაციით, კახეთის მიმართულებით მომდევნო 5 წელიწადში შეიქმნება თბილისი-ბათუმის ტოლფასი ავტომაგისტრალი. ამ რეგიონის საგზაო განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული პუნქტია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI) 10 წლიან სამოქმედო გეგმაში.

 

მოდით დეტალურად ვნახოთ, რა ნაბიჯები გადაიდგა და რა იგეგმება მომავალში!

 

MRDI-ის ცნობით, კახეთში ახალი 4-ზოლიანი მაგისტრალი აშენდება. საწყის ეტაპზე იგეგმება თბილისი-ბაკურციხის 85-კილომეტრიანი გზის განვითარება, რომელზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოზიდული თანხა - ჯამში 2 მილიარდამდე ლარი დაიხარჯება. პირველ ეტაპად საპროექტო სამუშაოები და ტენდერი უკვე გამოცხადებულია თბილისი-საგარეჯოს 35.2 კმ მონაკვეთზე. პარალელურად მიდის მუშაობა ბაკურციხე-ლაგოდეხის 40 კილომეტრიანი მიმართულების განვითარებაზე. ამ უკანასსკნელის ფარგლებში უკვე გამოცხადდა ტენდერი ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ მონაკვეთზე, სადაც აშენდება ასფალტის საფარიანი გზა და 6 ხიდი. ეს მონაკვეთი საქართველოს აღმოსავლეთ საზღვრისკენ მიმავალი ძირითადი გზის ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის, ამიტომ სატრანზიტო მოძრაობა მნიშვნელოვნად ფერხდება. ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება, თავს აარიდებს სოფლებსა და ქალაქებს. გაზრდის სატრანსპორტო გადაადგილების ინტენსივობასა და უსაფრთხოებას და, რაც  მთავარია, მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს. ზემოხსენებული ორივე პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე არსებულ ყველა ძირითად გამოწვევას მოხსნის, 2 წელიწადში უნდა დასრულდეს.

 

მთლიანი პროექტის საბოლოო რეალიზების შემთხვევაში, გაიჭიმება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო ჩქაროსნული გზა. აღნიშნული ავტომაგისტრალი თბილისის შემოგარენში თავისთავად მიუერთდება საერთაშორისო E-60-ის მაგისტრალს და სატრნზიტო-სატრანსპორტო თვალსაზრისით რეალურად გააერთიანებს საქართველოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება თავდაჯერებით ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალი სრულად მოიცავს და კვეთს ჩვენ ქვეყანას აღმოსავლეთიდან დასავლეთით.

 

შესაბამისად, ტვირთი რომელიც კასპია-ცენტრალური აზიის მიმართულებით წავა, ან იქიდან გამოემართება საქართველოს ტერიტორიაზე გაცილებით მეტ დროს დაჰყოფს და გაცილებით მეტ მანძილს გაივლის ჩვენ გზებზე. ეს კი, რა საკვირველია, მეტი სარგებლის მიღების წინაპირობა იქნება ქვეყნისთვისაც და მოქალაქეებისთვისაც.

პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს მნიშნელოვანი შიდა-სახელმწიფოებრივი გზები, რომლებიც ერთმანეთთან ადმინისტრაციულ ცენტრებსა და რეგიონის დედაქალაქებს აკავშირებს. ასე მაგალითად, კახეთშივე გასულ თვეს უკვე გაიხსნა გურჯაანის 15.5 კილომეტრტიანი შემოვლითი გზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია თელავთან დასაკავშირებლად და მაღალი საგზაო ინტენსიობით გამოირჩევა. შემოვლითმა გზამ გვერდი აუარა ქალაქ გურჯაანსა და 6 სოფელს და თუ ადრე ამ მონაკვეთის გავლას იდეალურ შემთხვევაში 30 წუთი სჭირდებოდა, ახალი გზის წყალობით მხოლოდ 10 წუთია საკმარისი.

აგვისტოს თვის დასაწყისში კი დასრულდა კიდევ ერთი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზის 15 კმ-მდე მონაკვეთის პროექტირება-რეაბილიტაცია.

ზოგადად, როდესაც საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარებაზე ვსაუბრობთ, სამომავლო პერსპექტივებისა და საერთაშორისო ვაჭრობის გარდა უნდა გავითვალისწინოთ უშუალოდ მშენებლობის პროცესში მიღებული სარგებელიც. ოფიციალური ინფორმციის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში 6000 საგზაო და სახიდე პროექტზე დასაქმებული იყო 31000 ადამიანი და 1300 კომპანია. დასაქმებულთა 70-80%- საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ და მათ კონკრეტული ფინანსური სარგებლის გარდა, პროფესიული ზრდისა და განვითარების ახალი შესაძლებლობებიც მიეცათ. ანალოგიურად ახალი საგზაო სისტემის შექმნა კახეთის რეგიონში მის მოსახლეობას ეკონომიკური და პროფესიული რეალიზების საშუალებას მისცემს.

Comments

Popular posts from this blog

ლოგისტიკის შემადგენელი კომპონენტები

საქართველო - ლოგისტიკური ჰაბი ევრაზიისთვის

პრაქტიკული ლოგისტიკა