კასპია-შავი ზღვის დერეფანი - თავი 2

 


კასპია-შავი ზღვის დერეფანზე დისკუსიით ვაგრძელებთ მოგზაურობას საქართველოს ლოგისტიკურ-სატრანსპორტო და ეკონომიკური პოტენციალის გარშემო.

 

პირველ რიგში, გვიხარია მკითხველის მხრიდან ჩართულობა და დისკუსია. თქვენი აქტიურობის გათვალისწინებით, ვეცდებით ჩვენი ბლოგების სერია კიდევ უფრო ინტერაქციული გავხადოთ.

გასული ბლოგის დასასრულს (https://bit.ly/3roe4py), სადაც ვისაუბრეთ აღმოსავლეთ-დასავლეთ მიმართულებაზე და ქვეყნის როლზე როგორც ევრაზიის დამაკავშირებელ ხიდზე, დაგპირდით, რომ მიმოვიხილავდით გარკვეულ ციფრებს, რომელიც ტვირთთა ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის მიმართულებით ფიქსირდება.

 

ამ დროისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საზღვირს კვეთის შესახებ 2020 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით (https://bit.ly/2W4lRNz), ციფრები შემდეგია: 2020 წელს სარფის, სადახლოს და წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ჯამში შემოვიდა 335,252 მისაბმელიანი ავტოტრანსპორტიორი. ხოლო ამავე პუქტების გავლით ქვეყანა დატოვა 321,118 მისაბმელიანმა ავტოტრანსპორტიორმა, მათგან თითქმის ნახევარმა - 185,719 ავტომატარებელმა ქვეყანა ტრანზიტულად გადაკვეთა. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ მხოლოდ იმ საბაჟო პუნქტებზე, რომლებიც კავშირშია კასპია-შავი ზღვის დერეფანთან. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს პანდემიის პირობებში ზოგადად შემცირებული ტვირთბრუნვა და ბიზნეს-ეკონომიკური აქტივობები.

 

მიუხედავად ამისა, დაგვეთანხმებით, რომ ციფრები საკმაოდ შთამბეჭტავია. ხოლო თუ ამ ყველაფერს დავურთავთ ბათუმისა და ფოთის პორტების და სხვა სასაზღვრო გამშვები პუქნტების (ყაზბეგის, ნინოწმინდის, კარწახის, ცოდნის, ვალესა და გუგუთის) მონაცემებს, ნათლად დავინახავთ ქვეყნის უზარმაზარ გამტარუნარიანობას და უსაზღვრო პოტენციალს, სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოლიტიკის სწორად წარმართვის შემთხვევაში.

 

სასაზღვრო პუნქტებზე საუბრისას საინტერესოა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი სოფელ მაწიმთან (ყოფ. ცოდნა). საინტერესოა იმ მხრივ, რომ ჩვენ მიერ გასულ ბლოგში ნახსენები საერთაშორისო ავტომაგისტრალი E-60, საქართველოს ტერიტორიაზე გეოგრაფიულად შემოდის ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთიდან (იხილეთ ბლოგის სურათი). მაშინ როდესაც, მაწიმის გამშვები პუნქტი წარმოადგენს გეოგრაფიულად ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთ სასაზღვრო წერტილს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ტვირთი გადაადგილდება კასპია-ცენტრალური აზიისკენ, ან მოემართება იქიდან, შესაძლებელია შემოსვლის და გასვლის წერტილი იყოს საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთით მდებარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი მაწიმი. ამგვარად ტვირთი საქართველოს ტერიტორიაზე მეტ დროს დაჰყოფს და გაცილებით მეტ მანძილს გაივლის ჩვენ გზებზე. მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება, რადგანაც ზოგადად კახეთის რეგიონი სატრანსპორტო-ლოგისტიკური განვითარების თვასაზრისით მნიშნელოვნად ჩამორჩება დასავლეთის მიმართულებას, სადაც უკვე გვაქვს 4-ზოლიანი სრულად გამართული ჩქაროსნული საგზაო ინფრასტრუქტურა.

 

ძალიან სასიხარულოა, რომ კახეთის ლოგისტიკური პოტენციალის განვითარებაზე ფიქრი მიმდინარე წელს უკვე დაიწყო. ამის მაგალითია გურჯაანის შემოვლითი 15.5 კილომეტრიანი გზა და გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მომავალ წლებში გაცილებით მეტის გაკეთება იგეგმება.

აქედან გამომდინარე, მომდევნო ბლოგში ვრცლად და ამომწურავად უკვე კახეთის საგზაო-სატრანსპორტო პოტენციალზე და მის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ვისაუბრებთ, სადაც დავინახავთ რამხელა პოტენციალი ჩნდება ამ რეგიონის განვითარებით.

რაც შეეხება კასპია-შავი ზღვის დერეფნის საქართველოს მონაკვეთის გლობალურ სტრატეგიულ მნიშნელობას, დასკვნის სახით, გვსურს გაცნობოთ, რომ ავღანეთში კოალიციური ძალების სამხედრო მისიის დასრულების შემდეგ დაწყებულია ჯარების, პერსონალის, ტექნიკის და იქ არსებული ინფრასტრუქტურის გამოტანის ძალიან გრძელვადიანი პროცესი. მიმომხილველების ცნობით, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ეს ყველაზე დიდი სამხედრო-ლოგისტიკური ოპერაციაა მსოფლიოში და აღსანიშნავია, რომ სახმელეთო გზით გადაზიდული ტვირთები აღმოსავლეთს სწორედ საქართველოს კასპია-შავი ზღვის დერეფნისა და ჩვენი პორტების საშუალებით ტოვებენ. ეს კი თავის მხრივ ძალიან დიდი ფინანსური და მატერიალური სარგებლის მომტანია. ამრიგად, ავღანეთში მისიის დასრულების შემდეგაც საქართველოს კვლავ აკისრია მნიშვნელოვანი ფუნქცია რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის სახით.

 

მაშ ასე, იმედია უკვე შეგექმნათ სრული წარმოდგენა საქართველოს მნიშვნელობის შესახებ აღმოსავლეთისა და დასავლეთს შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში. დარჩით ჩვენთან ერთად, ჩვენ მალე დავბრუნდებით კიდევ უფრო საინტერესო თემებით.

Comments

Popular posts from this blog

ლოგისტიკის შემადგენელი კომპონენტები

საქართველო - ლოგისტიკური ჰაბი ევრაზიისთვის

პრაქტიკული ლოგისტიკა