საქართველოს როლი გლობალურ ლოგისტიკურ სისტემაში
თანამედროვე გლობალურ ეპოქაში, სადაც საერთაშორისო ვაჭრობა, კომუნიკაცია და ტექნოლოგია გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება, „ძლიერი სახელმწიფო“ აღარ ასოცირდება მხოლოდ ტერიტორიულად ფართო ან მილიტარისტულად ძლიერ ქვეყანასთან. დღეს აუცილებელია გარკვეული როლის მორგებაც, აუცილებელია დომინირება კონკრეტული მიმართულებებით, საჭიროა აქტუალობის მოპოვება გარკვეული მასშტაბით. მიმართულება შეიძლება იყოს ტექნოლოგია, მძიმე მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ბუნებრივი რესურსები, განახლებადი ენერგია, ინტელექტუალური რესურსი, განსაკუთრებული ტურისტული დანიშნულება, უსაფრთხო ფინანსურ-ეკონომიკური გარემო, ბრენდი, წარმოება და ა.შ.. სწორედ ასეთი ფორმულით ახერხებენ განვითარებული თუ განვითარებადი სახელმწიფოები თავისი ადგილისა და აქტუალობის შენარჩუნებას დღევანდელი, მძიმე გლობალური კონკურენციის პირობებში.
დაფიქრებულხართ რა არის, ან შეიძლება იყოს ამ თვალსაზრისით საქართველოს როლი?
საქართველოს, როგორც ქვეყნის მისიაზე, მის ისტორიაზე, აწმყოსა და მომავალზე დისკუსია დაუსრულებლად შეძილება, თუმცა ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყანა გეო-ლოკაციურად სტრატეგიულ პოზიციას იკავებს უდაო იყო ყველა დროსა და ეპოქაში. რა შედარებები აღარ გვსმენია ამ თვალსაზრისით: „დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფანი“ „ევროპისა და აზიის ხიდი“, „ევრაზიის გზაგამტარი“ და ა.შ.. ზედმეტია უკვე საუბარი საქართველოს შესახებ ლეგენდარული ფრენცის ფუკუიამას თეორიაზე და აბრეშუმის ისტორიულ მარშუტზე.
დღეს ჩვენი სტრატეგიული ლოკაციის დასტურია ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე გამავალი ენერგომატარებლები, ასევე ის სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა მშენებლობაც მიმდინარეობს ან იგეგმება მათი განხორციელება. დიახ, საქართველო უმნიშნელოვანეს რგოლს წარმოადგენს არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ ლოგისტიკურ ჯაჭვში. ამ პოტენციალის სრული გამოყენება არნახული წარმატების მომტანი იქნება როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ისე თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ბოლო დროს ხშირად გვესმის ასევე ახალი კონცეფციის - „ლოგისტიკური ჰაბი“-ს შესახებაც, რომლის ჩამოყალიბების უსაზღვრო პოტენციალი გაგვაჩნია.
Logistics Solutions-მა აღნიშნულ საკითხზე აქტიური საუბარი გადავწყვიტა, რათა მოხდეს ლოგისტიკის კიდევ უფრო პოპულარიზაცია და ჯერ კიდევ შეუმჩნეველი შესაძლებლობების აღმოჩენა. დღეიდან ერთგული მკითხველისთვის ვაწარმოებთ ყოველკვირეულ ბლოგს საქართველოზე, როგორც უმნიშნელოვანეს დამაკავშირებელ-სატრანსპორტო რგოლზე. გთავაზობთ მიმოვიხილოთ და გავაანალიზოთ ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალი. გამოგვყევით! ერთად აღმოვაჩინოთ და ვისწავლოთ ჩვენი პოტენციალის გამოყენება.
Comments
Post a Comment